უსუფაშვილი: „რესპუბლიკური პარტიის" ცენტრალური ღირებულება იქნება ადამიანი

 
„ჩვენ ვასრულებთ კოალიციურ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან. ვამაყობთ იმით, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად ბევრი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ქვეყანას სჭირდება გაცილებით მეტი“, - განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის სიის პირველმა ნომერმა, დავით უსუფაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე. უსუფაშვილის თქმით, „რესპუბლიკური პარტია" ყოველ დღეს იმისთვის გამოიყენებს, რომ არჩევნებზე წარმატებას მიაღწიოს. დავით უსუფაშვილის თქმით, „რესპუბლიკური პარტიის" ცენტრალური ღირებულება ადამიანი იქნება. მანვე განმარტა „რესპუბლიკელი“ მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვების მიზეზი. „თუ ევროპა და ცივილიზაცია გვინდა, უნდა შევეგუოთ და ვისწავლოთ ის, რომ კოალიციები მუშაობენ არჩევნების ბოლომდე. ჩვენ ეს შევთავაზეთ ჩვენს პარტნიორებს „ქართული ოცნებიდან“. მზად ვიყავით, რომ ჩვენი მთავრობის წევრები თანამდებობებზე დარჩენილიყვნენ არჩევნების ბოლომდე და ჩვენ მათ გარეშე გავიდოდით კამპანიაში. „ქართულმა ოცნებამ“ სხვაგვარად გადაწყვიტა. მიიჩნია, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არის მიუღებელი“, - თქვა დავით უსუფაშვილმა. უსუფაშვილი ყველა „რესპუბლიკელს“ მოუწოდებს, ორი დღის განმავლობაში დაფიქრდეს და მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა თუ არა პარტიასთან ერთად დგომა, რადგან „არჩევნებზე თავდაჯერებულები უნდა გავიდეთ. ბრძოლაში მივდივართ ისინი, ვისაც გვჯერა, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ და ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ“.