უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობა კანონით აღარ განისაზღვრება
პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობის 28 წევრით განსაზღვრაზე უარი თქვა.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით იმ დათქმის გათვალისწინებით მიიღეს, რომ კომიტეტის სხდომაზე მიღწეული შეთანხმების მიხედვით, კანონით მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე „ლიბერალთან" საუბარში განმარტავს, ჩანაწერი, რომელსაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობის 16 წევრით განსაზღვრას გულისხმობს.
„წინადადება იყო ასეთი, რომ განისაზღვროს მინიმალურ რაოდენობად 16, ხოლო მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა. ანუ, ასე ვთქვათ, საჭიროებიდან გამომდინარე, მას შეუძლია, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და მაშინ დაემატება იმდენი, რამდენსაც პლენუმი განსაზღვრავს", - თქვა ხმალაძემ.
დღეს მოქმედი კანონით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი, მინიმალური რაოდენობა კანონით არ არის დადგენილი.