უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

 
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე ზეპირი მოსმენის გარეშე, შემდეგი შემადგენლობით იმსჯელა: ნინო გვენეტაძე - თავმჯდომარე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი - მომხსენებელი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში წერია: „ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის (22%), გიორგი ყარამანიშვილის (18%), შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ (51%) და ნინო ნიჟარაძის (9%) წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს „პანორამა“.  უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები;  მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამას სასარგებლოდ, დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება“ უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2-ის" მხარდამჭერების აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.