ვახტანგ გომელაური: ეჭვი არის, რომ გარდაცვლილთა შორის აჰმედ ჩატაევია

 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ შესაძლოა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა აჰმედ ჩატაევი მოკლეს. გომელაურმა ჟურნალისტებს ამის შესახებ დაღუპული სპეცრაზმელის სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლის შემდეგ უთხრა. კითხვაზე, იყო თუ არა მოკლულ პირებს შორის აჰმედ ჩატაევი, გოემლაურმა განაცხადა, რომ ექსპერტიზა კვლავ ტარდება და ზუსტი პასუხის გაცემა მას გაუჭირდება. „ეჭვი არის, რომ ეს ადამიანიც შეიძლება იყოს. თუმცა, ეს დადასტურდება ექსპერტიზის შემდეგ, როცა გაკეთდება დნმ-ის ანალიზი და გვექნება ზუსტი პასუხი, იყო ჩატაევი თუ არ იყო.“ - თქვა გომელაურმა. გომელაურის თქმით, გამოძიებაში ჩაერთო ამერიკული მხარეც, რომელსაც უფრო გამოცდილი სამსახურები ჰყავს. „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ახალ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ გამოძიებაში ჩაერთო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკული მხარე, შესაბამისი სამსახურებით. მათ ჩვენზე გამოცდილი სამსახურები ჰყავთ. საექსპერტო მიმართულებითაც და საგამოძიებო მიმართულებითაც და ერთობლივად ვატარებთ საგამოძიებო სამუშაოებს.“ ვახტანგ გომელაურმა დაამატა, რომ იყო გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ეს ჯგუფი მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავდა.