ვახუშტი მენაბდე: ე.წ. რეიდები ზოგადი პრევენციისთვის ვერ ჩატარდება

 
დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი, ე.წ. რეიდები ტარდება. შსს-ში განმარტავენ, რომ ის მინისტრის ბრძანებით ხორციელდება, როგორც რიგითი პროცედურა. თუმცა სხვას ამბობს საკანონმდებლო ნორმა და იურისტები. კანონის თანახმად, სპეციალური საპოლიციო კონტროლი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევბში შეიძლება ჩატარდეს. შსს დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურ საპოლიციო კონტროლს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს, - უთხრეს „ლიბერალს“ სამინისტროს პრესსამსახურში. მათი თქმით, ამჯერად ეს ჩვეულებრივი რიგითი საპოლიციო შემოწმებაა, რომელიც შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე, პოლიციის შესახებ კანონის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ტარდება. კანონის 24-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ წერილობით განკარგულებას მინისტრი გამოსცემს, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ზეპირ განკარგულებას - მინისტრი ან მისი ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირი. თუმცა არც შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში და არც მინისტრის ბრძანებაში არ წერია კონკეტული მიზეზი, თუ რატომ, რის საფუძველზე  გამოსცა მინისტრმა მსგავსი განკარგულება. მაშინ, როცა ამავე კანონის იმავე მუხლის თანახმად, პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი  იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ  საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. „სპეციალური საპოლიციო კონტროლი არის პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით, აგრეთვე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად განხორციელებული შემოწმება“. პოლიციის შესახებ კანონის 23-ე მუხლის თანახმად კი, პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას, როგორც პრევენციულ ღონისძიებას, ახორციელებს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ანუ მაშინ, როცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში იმყოფება სამართალდამრღვევი ან უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდული პირი; არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში არის ნივთი, რომელიც ამოღებული უნდა იქნეს;  არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეს ნივთი ან სატრანსპორტო საშუალება არის იქ, სადაც შესაძლებელია ჩადენილ იქნეს დანაშაული. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე  „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტავს, რომ სპეციალური საპოლიციო შემოწმება  განსაკუთრებულ შემთხვევებში ტარდება და აუცილებლად კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთანაა დაკავშირებული. „ზოგადი პრევენციისთვის ის ვერ ჩატარდება. ან ჩადენილი უნდა იყოს დანაშაული, ან მოსალოდნელი უნდა იყოს მისი ჩადენა“. მისი თქმით, თუკი ე.წ. რეიდების ჩატარება კონკრეტულ დანაშაუალს ეხება, სახელმწიფოს შეუძლია, არ განაცხადოს ამ დანაშაულის შესახებ. მაგრამ თვითონ ბრძანებაში, რომლის საფუძველზეც  სპეციალური საპოლიციო შემოწმება ჩატარდება, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რა კონკრეტული მიზნით ტარდება ის. თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ სამინისტრო ამას განმარტავს, როგორც  მორიგ სტანდარტულ პროცედურას და არა როგორც სპეციალურ ღონისძიებას. „ჩვენ ვნახეთ სამინისტროს განმარტება, რომ ეს არის ჩვეულებრივი მორიგი სტანდარტული პროცედურა. ეს არის აბსოლუტურად უკანონო, რადგან ე.წ. რეიდი არ შეიძლება სტანდარტული და რუტინული პროცედურა იყოს. ის არის კონკრეტული საფრთხის წინააღმდეგ მიმართული და არა რაიმე აბსტრაქტული. მაგალითად, პოლიცია ვერ იტყვის რომ მე ნარკოტიკებს ან იარაღს ვეძებ. მაგრამ თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ ნარკოტიკების დიდი პარტიაა შემოსული, ან იარაღით ვაჭრობა ხდება, ერთ კონკრეტულ ადგილზე შეიძლება ჩაატაროს ის. თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს და  გაუჭირდება,  ერთ კონკრეტულ დანაშაულთან ბმაში მისი საჭიროება დაასაბუთოს“,- განმარტავს ვახუშტი მენაბდე „ლიბერალთან“.