ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს
უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ვანო ზარდიაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც დეპუტატი წერს, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე კონკრეტულ შემთხვევაშიც მის მხარესაა,არ უნდა იყოს პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღისწესრიგის შექმნას და პოზიტიური პროცესების დაზიანებას მასზე შეტევით თუ ტალახის სროლით ცდილობენ.
„ლიბერალი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2016 წლიდან მქონდა პატივი ვყოფილიყავი მე-9 მოწვევის პარლამენტის და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წევრი, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი. საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, რომ სხვადასხვა მხრიდან თითოეული მათგანის მიმართ მუდმივად მიდის ტალახის სროლა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სხვადასხვა გარემოების გამო, ამ გუნდში მეც აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ 2003-2012 წლებში ჩემი ყველაზე დიდი თანამდებობა განყოფილების უფროსობა იყო, მე ამომარჩიეს იმ დროსთან დაკავშირებული შავი პიარის სამიზნედ.
მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს პარლამენტი და დეპუტატის მანდატი. ამით კიდევ ერთხელ მივანიშნებ საზოგადოებას, რომ თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება გამოადგე შენს ქვეყანას და ემსახურო თითოულ მოქალაქეს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვუსურვო მათ წარმატება და მხარდაჭერა გამოვუცხადო ქვეყნის განვითარების საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.