ვმუშაობთ ისე, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი - ნათია კაპანაძე
„ძალიან ძვირფასია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა იყოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ნათია კაპანაძემ განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან.
მისი თქმით, მაუწყებლის მუშაობის შედეგი კარგად ჩანს, ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევებში და აჭარის ტელევიზია და ისინი ამ სტანდარტებით გააგრძელებენ მუშაობას.
„ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებისთვის, ჩვენ ვმუშაობთ მაღალი სტანდარტებით საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის. ძალიან ძვირფასია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა იყოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი, დამოუკიდებელი, ობიექტური, პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი.
ამ მუშაობის შედეგი უკვე კარგად ჩანს ჩვენი აუდიტორიის ინტერესებიდან გამომდინარე, კარგად ჩანს შიდა და საერთაშორისო კვლევებში. ჩვენ ძალიან გვეძვირფასება ეს პროცესი და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ სტანდარტებით მუშაობას“, - თქვა ნათია კაპანაძემ.
გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა თავმჯდომარეს, დირექტორის, ნათია კაპანაძის მიმართ უნდობლობის პროცედურის დასაწყებად მიმართა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივაზე, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ, ოპოზიციამ დღეს გაერთიანებული ბრიფინგი გამართა.
განცხადება 6-მა პოლიტიკური პარტიამ, „ერთიან ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „შენების მოძრაობამ", „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „ახალმა საქართველომ“ და „ემსახურე საქართველომ“ გაავრცელა.
ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვიტა.
ფოტო: აჭარის ტელევიზია