„ყველაზე ლამაზი ბიჭის“ შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვიდა

 
30 ივლისს მსოფლიო კინოგაქირავებაში გამოვიდა შვედი ავტორების, ქრისტინა ლინდსტრემის და ქრისტიან პეტრის დოკუმენტური ფილმი „ყველაზე ლამაზი ბიჭი მსოფლიოში“ („The Most Beautiful Boy in the World“), რომელიც ერთ დროს ულამაზესი მოზარდის, ბიორნ ანდრესენის უსევდიანესი ისტორიის შესახებ გვიამბობს. 1971 წელს იტალიური კინოს კლასიკოსმა ლუკინო ვისკონტიმ 15 წლის შვედი მოზარდი ფილმში „სიკვდილი ვენეციაში“ გადაიღო. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ბიორნი  მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბიჭად აღიარეს. ეს როლი და ტიტული მთელ მის მომდევნო ცხოვრებაზე ტრაგიკულად აისახა.     ფილმის პირველ სცენაში ჩნდება უსუფთაო მოხუცი კაცი, გრძელი წვერითა და გრძელი აფოფრილი თმით. ზის ვიწრო, არამყუდრო და ჭუჭყიან ბინაში სტოკჰოლმში. ქირის გადაუხდელობის გამო შესაძლოა ამ ღატაკი საცხოვრებლიდანაც გაასახლონ. ძველი ნირი შენარჩუნებული აქვს, მაგრამ მთელი წარმოსახვა უნდა დაძაბო იმის წარმოსადგენად, რომ ეს სწორედ ის ბიჭია, რომელსაც ანგელოზის გარეგნობა ჰქონდა და არცთუ უსაფუძვლოდ -  ყველაზე ლამაზი ბიჭის სახელი მსოფლიოში. „სიკვდილი ვენეციაში“ 1970 წელს ვისკონტი, გერმანელი მწერლის, თომას მანის 1913 წლის ნოველის „სიკვდილი ვენეციაში“ ეკრანიზაციას შეუდგა. ნაწარმოების ცენტრშია წარმატებული მწერლის, გუსტავ ფონ აშენბახის ისტორია, რომელიც სიცოცხლის მიწურულს ვენეციაში ლიდოს კუნძულზე დასახლდა. აქ მის ყურადღებას იპყრობს ლამაზი პოლონელი მოზარდი ტაძიო, რომელსაც მწერალი კვირების განმავლობაში თვალს ვერ წყვეტს და ნელ-ნელა უყვარდება, თუმცა ვერც ერთხელ ბედავს მასთან დალაპარაკებას.     მოულოდნელად, ვენეციას ქოლერა მოიცავს, რომელიც აშენბახსაც არ ინდობს. ტაძიოს ოჯახი ქალაქს ტოვებს. დასნეულებული აშენბახი პლაჟზეა და თვალს ადევნებს  ბიჭს, ემშვიდობება რა სიყვარულსაც და სიცოცხლესაც.       თუკი სხვა ისტორიულ ეპოქაში მცხოვრები თომას მანი ებრძოდა თავის ჰომოსექსუალიზმს, ვისკონტის ფილმი - ერთნაირსქესიანთა სიყვარულის ობიექტით დაუფარავი ტკბობაა. „ყველაზე ლამაზი ბიჭი მსოფლიოში“ ვისკონტიმ ტაძიოს როლის შემსრულებლის ძებნაში მოიარა უნგრეთი, პოლონეთი, ფინეთი, რუსეთი, ვიდრე ბოლოს, პოტენციური კანიდატების მორიგი შერჩევისას, სტოკჰოლმის სასტუმროს ნომერში 15 წლის ბიორნი არ გამოჩნდა. ეს კადრები დოკუმენტირებულია. მაყურებელი ხედავს, რომ ვისკონტი უმალ იხიბლება. ბიორნს ბებია ზრდიდა, მამას არ იცნობდა, ალკოჰოლზე დამოკიდებულმა დედამ კი 8 წლისა მიატოვა. ბებია შეპყრობილი იყო ლამაზი შვილიშვილის ვარსკვლავად ქცევით და დაატარებდა მას სამოდელო სააგენტოებსა და კინოს გადაღებებზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ბიორნს ყველაზე ძალიან მუსიკოსობა სურდა (ვისკონტისთან შეხვედრამდე მან ითამაშა შვედი რეჟისორის როი ანდერსონის ფილმში „შვედური სიყვარულის ისტორია“).     კანში ფილმის პრემიერაზე ვისკონტიმ ბიორნს „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბიჭი“ უწოდა. ის უმალ ვარსკვლავად, ხატად გადაიქცა. მის ცხოვრებაში იწყება დაუსრულებელი მიღებები, ღამის კლუბებში ხეტიალი, პაპარაცების დევნა. ამას მოჰყვა უცნაური მოგზაურობა იაპონიაში, სადაც თავისი ჩრდილოური სილამაზით ორივე სქესის მოზარდების კერპი გახდა - ის პოპ-ვარსკვლავად აქციეს და ასწავლეს იაპონური სიმღერები, რომლებზეც ადგილობრივ ჰიტებს ასრულებდა. კიდევ უფრო უცნაურია მისი ცხოვრების ეპიზოდი პარიზში, სადაც მას ვიღაც მდიდარი გეი მფარველობდა (ამ პერიოდზე ანდრესენი დუმილს ამჯობინებს). ვისკონტიმ ის მალე დაივიწყა.    ანდრესენს ხშირად იღებდნენ, მაგრამ ძირითადად უმნიშვნელო ფილმებში, უმნიშვნელო როლების შემსრულებლად. აქტიურად მოიხმარდა ალკოჰოლს და ნარკოტიკებს. ტრაგიკულად დამთავრდა ოჯახის შექმნის მცდელობაც. ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფმა ყურადღება არ მიაქცია თავისი 9 თვის შვილის შეტევას, რომელიც ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით გარდაიცვალა, რის გამოც კიდევ უფრო ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. უფროს ქალიშვილს ათეული წლების განმავლობაში მამის შესახებ არაფრის გაგონება სურდა. მთელი ამ წლების განმავლობაში ბიორნი ცხოვრობდა და ცხოვრობს თავისი საბავშვო სამსახიობო გამოცდილების ჩრდილში.     ფილმში ანდრესენს ეკითხებიან, რას ეტყოდა დღეს ვისკონტის, თქმა რომ შეეძლოს. პასუხი მოკლე და მკვეთრია: „წადი შენი...“ ფილმის ტრეილერის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე, Guardian-ის მიმოხილვის წაკითხვა - აქ.