ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა
16 აგვისტოს ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. ქართველი კლასიკოსი, რომელმაც თავისი დროის ქართული მუსიკის პროფესიონალიზება მოახდინა, საფუძველი ჩაუყარა ქართულ საოპერო კულტურას და ქართულ ეროვნულ საკომპოზიტორო სკოლას, იყო დირიჟორიც, პედაგოგიც, გუნდის მომღერალიც და ხალხური მუსიკის შემკრებიც.
მისი ოპერები ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’ ქართული მუსიკალური ხელოვნების საგანძურად მიიჩნევა. მასვე ეკუთვნის გმირულ-პატრიოტული ოპერა „ლატავრა“. ფალიაშვილმა ჩაწერა და დაამუშავა 300-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, მისი როლი ასევე დიდია ქართული საგალობლების გადამუშავებაში - ,,წმინდა იოანე ოქროპირის წირვის წესის ლიტურგია’’ 22 საგალობლისგან შედგება.
2021 წლის 21 მაისს, მუზეუმების კვირეულის ფარგლებში, საჯაროდ პირველად გამოიცა ზაქარია ფალიაშვილის მიერ მე-19 საუკუნეში დაწერილი მესა - ერთადერთი ქართული კათოლიკური მესის ნიმუში ქართულ მუსიკაში. წიგნის პრეზენტაცია პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესიაში გამართა.
კომპოზიტორი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღშია დაკრძალული. მისი საფლავის ქანდაკება მერაბ ბერძენიშვილმა შექმნა.
კომპოზიტორის იუბილე ეროვნულმა არქივმა თავისთან დაცული დოკუმენტური ფილმის გამოქვეყნებით აღნიშნა. დოკუმენტური ფილმი „ზაქარია ფალიაშვილი“ 1949 წელს რეჟისორებმა შალვა მარტაშვილმა და ოთარ ჭიაურელმა გადაიღეს.
ფილმის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.