ჟურნალისტებს მკვნეტარები გაუგზავნეს - ციხელაშვილის პრესსამსახურის ინიციატივა

 
შერიგების საკითხებში სახელმწიფო აპარატის პრესსამსახურმა ოკუპაციის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს მკვნეტარები გაუგზავნა წარწერით - „გადაჭერი შენი წილი" #საქართველომავთულხლართებისგარეშე. პრესამსახურის ინფორმაციით, ეს იყო მათი ინიციატივა და სიმბოლური აქტი. თავიდან გვსურდა, მიკროფონები გაგვეკეთებინა ამგვარი წარწერით, მაგრამ ყველა ჟურნალისტი არ მუშაობს მიკროფონით, ამიტომ არჩევანი ამ ნივთზე შევაჩერეთ" - ამბობენ პრესსამსახურში. მათი თქმით, ეს არანაირად არ ნიშნავს მოწოდებას, რომ ადამიანებმა მავთულხლართების რეალურად გადაჭრა და თავის საფრთხეში ჩაგდება დაიწყონ. „არ ველოდით ამგვარ გამოხმაურებას - ამბობენ პრესსამსახურში, - ყველანი ვთანხმდებით სლოგანზე - „საქართველო მავთულხლართების გარეშე" ხომ? ხოლო თუ ჟურნალისტი ობიექტურად და პროფესიონალურად აშუქებს საკითხებს, ეს მის გადაჭრაში შეტანილი წვლილია".