ზუგდიდის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

 
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „რუსთავი 2-ის" ეთერში გასულ,  სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით. უწყების ცნობით, ასევე,  ამავე მუხლით  დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე,  ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. „კურიერი" ავტომანქანაში გადაღებულ ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წევრი მეორე პირს უხსნის, თუ რა დავალებები „მოვიდა ზევიდან".