ზურაბ აბაშიძე: რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან პირად საკითხებზე ვისაუბრე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან, მიხეილ შვიდკოისთან შეხვედრას ადასტურებს. მან გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს საქართველოსთან დაკავშირებით პუტინის გეგმები გააცნო.
ზურაბ აბაშიძის თქმით, ის შვიდკოის დიდი ხანიაა იცნობს და საქართველოში შეხვედრისას პირად საკითხებზე ისაუბრეს.
„მედიის საშუალებით გავიგეთ; მთავრობას ამ ფორუმთან არანაირი შეხება არ აქვს. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია ბატონ შვიდკოისთან. მას დიდი ხანია ვიცნობ და კიდევ ვთქვი გუშინ, რომ ვაპირებდი მასთან კომუნიკაციას. ეს კომუნიკაცია მქონდა, ვისაუბრეთ კონკრეტულ, პირადულ საკითხებზე“,- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
რაც შეეხება რუს ჟურნალისტს, რომელმაც საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია, აბაშიძის თქმით, მასზე ინფორმაცია არ აქვს. თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან.
„მამონტოვს საერთოდ არ ვიცნობ პირადად. ტელევიზიით გავიგე, რომ თითქოს კანონია დარღვეული, მე არ დავინტერესებულვარ“,- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისი ინფორმაციით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 7 ივლისს პრაღაში გაიმართება.