ზურაბ ბაქრაძის ღია წერილი პრემიერ- მინისტრს
საქართველოს პრემიერ მინისტრს,
ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
თბილისი, 2016 წლის 8 იანვარი
ბატონო გიორგი,
ამ წერილით მინდა საქართველოს აღმასრულებელ სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებების ფონზე მისი ერთი არეალის სტრუქტურული რეფორმის არსებითი მონახაზი შემოგთავაზოთ. ამ არეალს მკაფიო მთლიანობა ახასიათებს და ამდენად მასში არსებული ოთხი, ქვემოთ მოყვანილი ცალკეული სფეროს დეფორმაციები, გარკვეულწილად, მათი ერთიანი, კოორდინირებული მართვის არარსებობის შედეგია.
საქართველო, სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით, უმძიმეს მდგომარეობაშია. დასახლებები, ისევე როგორც დაუსახლებელ ტერიტორიათა გამოყენებები, ვითარდებიან იმდენად გაუაზრებლად, რომ საკუთარ თვითგანადგურებას იწვევენ - თბილისი ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.
ასევე მძიმე მდგომარეობაა არქიტექტურული დაგეგმვის, სამშენებლო წესებისა და საშენ მასალათა ნორმირების თვალსაზრისით - თანამედროვეობის შესაფერი და ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირებული ასეთი ნორმები საქართველოში არ არსებობს.
საზოგადოების მძაფრი პროტესტები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ასევე მიუთითებენ ნაკლოვანებებზე, რომელთა გამოუსწორებლადაც საზოგადოებას ნაბიჯ-ნაბიჯ გამოეცლება საუკუნეების განმავლობაში შექმნილი კულტურული საყრდენი - უამისოდ კი მისი განვითარება შეუძლებელია.
გარემოს დაცვა არის ევროპული ყაიდის სახელმწიფოს უპირობო პრიორიტეტი. საქართველოში ამ მხრივაც სავალალო მდგომარეობაა. ქალაქებში ჰაერის დაბინძურება, ისევე როგორც ნიადაგისა და მდინარეებისა მთელ საქართველოში, დასაშვებ ნორმებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. მწვანე საფარის განადგურებამ და ნიადაგის ეროზიებმა საგანგაშო ფორმები მიიღო.
აქ ჩამოთვლილი სფეროები განეკუთვნებიან ერთ სახელმწიფოებრივ სამოქმედო არეალს, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს დაცვას, მოვლას და განვითარებას შეეხება. თავიანთი არსით ისინი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი და სახელმწიფოს მიერ მუდმივ კოორდინირებულ მართვას მოითხოვენ.
ამიტომ სწორი იქნებოდა არსებული „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს“ გაფართოებით შექმნილიყო „გარემოს სამინისტრო“. იგი პასუხისმგებელი იქნებოდა ადამიანის ერთიან საარსებო გარემოზე, რომლის ბუნებრივი და კულტურული კომპონენტები განუყოფელია. ასეთ სამინისტროს შემდეგი კომპეტენციები ექნებოდა:
მხოლოდ „გარემოს სამინისტროს“ ამ კომპეტენციათა შესაბამისი ცალკეული დეპარტამენტების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით იქნება შესაძლებელი ზემოთ აღნიშნულ სფეროთა მართვაში რეალური წინსვლის მიღწევა და ამით იმ უმძიმესი მდგომარეობის დაძლევა, რომელიც მათშია შექმნილი.
საზოგადოება მოითხოვს ქვეყნის განვითარების ევროპული ყაიდისკენ არსებით შემობრუნებას.
ჩემი აზრით, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაწყებულმა განახლებამ საზოგადოების ამ მოთხოვნას, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ზემოთ აღწერილი ცვლილებითაც უნდა უპასუხოს.
პატივისცემით
ზურაბ ბაქრაძე - ქალაქმგეგმარებელი