ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლი დაიღუპა

 
22 ოქტომბერს, დილით ზვარეში ახალი რკინიგზის მშენებლობაზე ავტომანქანის მძღოლი სამუშაოს შესრულების პროცესში დაიღუპა. ინფორმაციას „ჩემი ხარაგაული“ ავრცელებს.  როგორც გამოცემას ზვარელებმა უთხრეს, თავდაღმართში მიმავალი ავტომანქანა მეორე მანქანას დაეჯახა. ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, მათ ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციის თანახმად, უბედური შემთხვევა, ტექნიკური გაუმართაობისა და შრომის უსაფრთხოების უხეში დარღვევის შედეგად მოხდა. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყებაში აცხადებენ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა.